ახლახან მომღერალი გიორგი ლაფაჩიშვილი დაინიშნა. მან რჩეულს, ინა გზირიშვილს ხელი პირდაპირ „საქართველოს ხმის“ ფინალზე სთხოვა და მისგან თანხმობა მიიღო. ულამაზესი წყვილი ქორწილის დაგეგმვას მალე დაიწყებს. გიორგი ლაფაჩიშვილი fortuna.ge-ს მიღებული დიდი ემოციების შესახებ ესაუბრა.
გიორგი ლაფაჩიშვილი:
მე და ინა 2025 წლიდან ვართ შეყვარებულები. მართლა ის ადამიანია, ვინც ჩემ გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ისეთი ადამიანია, ვინც ნამდვილად არავის ჰგავს. გარეგნულადაც ძალიან ლამაზია. პირველ რიგში, ხასიათი აქვს ისეთი, რაც ჩემთვის მისაღებია – თბილი, გამგები, ერთგული ადამიანია. მისი მსგავსი ადამიანი არც მინახავს და ვერასდროს შევხვდები მომავალში.
როცა გავიგე, რომ „საქართველოს ხმის“ ლაივშოუებზე უნდა ვყოფილიყავი, მინდოდა, რომ რომელიმე ლაივზე ინასთვის ხელი მეთხოვა. ფინალამდე რადგან მივედი, ფინალში გადავწყვიტე. თავად არაფერი იცოდა… ახლა რომ ვუყურებ ამდენ გამოხმაურებასა და ნახვას, გულს უხარია თბილი კომენტარები.
ბეჭედი როგორ შეარჩიე?
ბეჭდისთვის „საქართველოს ხმის“ ფინალის დილას წავედი. ავარჩიე ისეთი, როგორიც ინას მოეწონებოდა, რადგან მისი გემოვნება ვიცი. როცა ბეჭდის საყიდლად შევედი, ყველამ დიდი წარმატება მისურვა, რადგან იცოდნენ, რომ იმ დღეს იყო ფინალი. როცა შეძენის დრო დადგა, ქალბატონი, ვისგანაც ბეჭედი ვიყიდე, ჩემი გულშემატკივარი აღმოჩნდა და მითხრა, დღევანდელ საღამოს უფრო დიდი ემოციით მოგისმენო…
ისედაც დიდი მღელვარება იყო ფინალში დგომა, ორი სიმღერის შესრულება ორკესტრთან და ამას დამატებული ხელის თხოვნის ამბავი… როგორ გაუმკლავდი ამდენ ემოციას?
სიმღერის დროს ზოგადად არ ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ფინალში იყო მღელვარება. პირველ სიმღერას რომ ვასრულებდი, თან ვფიქრობდი, ხელის თხოვნის დროს მიკროფონი ვისთვის უნდა მიმეცა, მერე გამახსენდა, რომ თიკა ფაცაციასთვის უნდა გადამეცა (იღიმის). მეორე გამოსვლაზე „ცოტა კიდე მოითმინე გულო“ ვიმღერე და დამეტყო, რომ სულ სხვანაირად შევასრულე, უფრო დიდი ემოცია იყო და წინ იყო ხელის თხოვნა…
როცა ხელი სთხოვე, შენ დაბნეული ჩანდი და ინა – უფრო მეტად…
თიკამაც აღნიშნა, რომ ინას ხელები უკანკალებდა. ინა დღემდე მეუბნება იმას, რომ ემოციებისგან ვერ გამოდის და ვერ იჯერებს, რაც მოხდა.
მას შემდეგ, რაც სცენიდან გახვედით, რა გითხრა?
არ ელოდა, რომ ეს მოხდებოდა ფინალის დროს, მაგრამ იცოდა, რომ ეს მომენტი დადგებოდა. ჩემთვის ასე განსაკუთრებულ დღეს თუ დავამთხვევდი მეორე განსაკუთრებულ ამბავს, არ მოელოდა.
ქორწილისთვის მზადება უკვე დაიწყეთ?
ჯერჯერობით არ დაწყებულა, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.
როგორ ქორწილზე ოცნებობ?
ალბათ, თბილისში გადავიხდით ქორწილს. ერთი დიდი კონცერტი იქნება, უკვე იმდენმა გამოთქვა სიმღერის სურვილი ჩემი კოლეგებისგან, რომ სავარაუდოდ, ასე მოხდება.
თქვენი მშობლების რეაქციების შესახებ მოგვიყევი…
ჩემი მშობლები დარბაზში იყვნენ, მათ იცოდნენ, რადგან ახალ წელს გავუმხილე. ინას მშობლებმა არ იცოდნენ, ტელევიზორით უყურეს და დიდი ბედნიერება იყო მათთვის. სიმღერის ემოციებს ეს ყველაფერი რომ დაემატა, მათთვისაც დაუჯერებელი იყო…
ფოტო: პროექტი „საქართველოს ხმა“








