ყველასთვის საყვარელი მსახიობის ორი რომანი, განქორწინება და წარმატებული კარიერა: უმშვენიერესი ნანკა კალატოზიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: მიდიოდა მატარებელი, რევერსი, გრაფიტი, ტრილოგია, ოცნების ქალაქი...
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ნანკას პირადი ცხოვრება. მსახიობი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, თუმცა რამდენჯერმე ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა.
ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით" გაიცნო.
ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კეიდიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.
„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი", - აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში".
ბოლო პერიოდში, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, ტელეეკრანზე ხშირად ჩნდება სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში. არაერთხელ გვინახავს ის სხვადასხვა დროს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ამის გამო, როგორც თავად ჰყვება, "ტროლების" აგრესიის ობიექტია, თუმცა მისივე თქმით, ეს სულაც არ ანაღვლებს.
მსახიობი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტის გამოთქმის სურვილი მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც მისი შვილი, დანი, დაიბადა. დანიელი ნანკა კალატოზიშვილს 2013 წელს კალათბურთელ ირაკლი კედიასგან შეეძინა. წყვილი ახლა დაშორებულია.
"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!
ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო" რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია, ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი."- თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".
ნანკას გარდაცვლილ მამაზეც უსაუბრია, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, მან ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვი გადაარჩინა.
"ვერ ვყვები ამ თემაზე, ვფუჭდები... 30 წელი გავიდა და ვერ ვხვდები, როცა მეუბნებიან ომი გინდაო. ყველაზე ნაკლებად მე მინდა ომი, რადგან ძალიან კარგად ვიცი ეს რა ტკივილია. საშინელება მოლოდინის რეჟიმი... როცა აცილებ, როგორ ბრუნდება... მამა ჩემზე პატარა იყო რომ გარდაიცვალა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, პაციფისტი და სულაც არ უნდოდა, ვინმე მოეკლა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მერე კარგა ხანი მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი... მამა რომ ჩამოასვენეს, მომიტანეს ტყვია: აი, ასეთი თითო ტყვია გვქონდა ყველას, ტყვედ რომ არ ჩავვარდნილიყავით და თავი მოგვეკლაო. მერე მივხვდი, საშინელებას ვაკეთებდი რომ ვინახავდი და ის ტყვია გადავაგდე.
თავისუფლებას აქვს ფასი და 9 აპრილიდან მოყოლებული ამას სისხლით იხდიან. ვიცით რამდენი დევნილი გვყავს, რა გზა გამოიარა საქართველომ 70 წლის განმავლობაში და არავინ ფიქრობს იმაზე, სად ვიქნებით ხვალ. რითაც ჩვენ ვამაყობდით, სამწუხაროდ დღეს აღარ გვაქვს. ტყვეობაში შეიძლება იცხოვრო, მაგრამ თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს შელახული." - თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.
წყარო: marao.ge