ვიდეო: „დიდებული მსახიობები და თამარ გვერდწითელი შეუდარებელი ხმით… მიუზიკლი, რომელიც სავსეა დიდი ემოციით, სიყვარულით და პროფესიონალიზმით“ – რუსთაველის თეატრში „კინტოს“ პრემიერა შედგა

2 და 3 აპრილს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მიუზიკლ „კინტოს“ პრემიერა შედგა.

აკაკი წერეთლის პიესის მიხედვით დადგმულ მუსიკალურ სპექტაკლს რუსთაველის თეატრის მცირე სცენამ უმასპინძლა. საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.

მიუზიკლში, რომლის დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას მელოდიები პიანისტმა ნიკა ნიკვაშვილმა და ორკესტრმა ახლებური ინტერპრეტაციით ააჟღერა.

მიუზიკლის სამსახიობო დასი არაერთ ვარსკვლავს აერთიანებს – მთავარ როლში მომღერალი თამარ გვერდწითელია.

სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: მარინა კახიანი, დავით კვირცხალია, ნანული სარაჯიშვილი, ლაშა რამიშვილი, ნიკო ნანიტაშვილი, იური ფოფხაძე, ნინუცა ბედიაშვილი, კახა კუპატაძე, ეკა მინდიაშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი.

სპექტაკლის შინაარსზე, პრემიერასა და საკუთარ ემოციებზე სოციალურ ქსელში წერს თავად თამარ გვერდწითელი.

„კინტოს“ პრემიერას „ფეისბუკში“ ეხმაურება არაერთი ადამიანი და საკუთარ ემოციებზე წერს:

„არაჩვეულებრივი სპექტაკლი „კინტო“, მიუზიკლი, რომელიც საოცარ მსახიობებთან ერთად სავსეა დიდი ემოციით, სიყვარულით და პროფესიონალიზმით!!!

გილოცავთ, მიყვარხართ“, – წერს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მალტის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ირინა ცერცვაძე.

„სპექტაკლი კინტო“. დიდებული მსახიობები და თამარ გვერდწითელი შეუდარებელი ხმით“, – წერს ია დარჯანია „ფეისბუკში“.

საპრემიერო დადგმის სრულ ვერსიას მარიამ ბერიკაშვილი „იუთუბის“ არხზე ავრცელებს.