ვიდეო: „მთელი ცხოვრების განმავლობაში მაკომპლექსებდა ჩემი წონა… როგორც კი მუსიკა ირთვება, ტანში ჟრუანტელი მივლის…“ – როგორ გახდა ცეკვა ცხოვრების ნაწილი „სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფის წევრისთვის, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა

„პირველამდე“ უფრო ახლოს გვაცნობს გვაცნობს „სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფის წევრს, ნათია კაკულიას, რომელმაც ინტერნეტსივრცეში თავისი ცეკვით დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ნათია კაკულია:

„როგორც კი მუსიკა ირთვება, ტანში ჟრუანტელი რომ დამივლის, მის დამთავრებამდე არაფერი მახსოვს. უზომოდ ბედნიერი ვარ. სიტყვებით ამის გადმოცემა ძნელია. ყოველი ცეკვის შესრულებისას, თითქოს ის ხასიათი და ჟინი, ყველაფერი შენში გადმოდის და იმ დროს ხარ უძლეველი.

სოციალურ ქსელებში ვიდეოების ამდენ ნახვას საერთოდ არ ველოდი. ჩემი აზრით, მოსწონთ იმის ნახვა, როცა გადმოვცემ, რამდენად ბედნიერი ვარ ცეკვისას. რა თქმა უნდა, გამოერია რამდენიმე უარყოფითი კომენტარი, ძირითადად, იყო წონაზე, ამას საერთოდ რატომ აცეკვებთ, სხვა არავინ არ იყო, რომ მისთვის გადაგეღოთო? პირველივე ვიდეო რომ გავარდა და უარყოფითი კომენტარები წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, იმ სიყვარულთან შედარებით, რასაც ხალხის დიდი ნაწილისგან ვიღებდი, ნეგატივი ზღვაში წვეთი იყო…

მთელი ცხოვრების განმავლობაში მაკომპლექსებდა ჩემი წონა. რაც უნდა პატარა იყო, ხვდები, რომ სცენაზეც და რეპეტიციაზეც, შენს თანატოლებზე მეტად დიდი ხარ და სხვანაირი ჩანხარ. ძნელია, პატარა ბავშვმა ეს ყველაფერი გადახარშო, მერე კი იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ უნდა შეცვალო საკუთარი თავი. წლების შემდეგ ეს შეგრძნებები ისევ ჩემთან ერთად არის, თუმცა სწავლობ ამ ყველაფრის კონტროლს, შეეგუო და ისიამოვნო იმ ყველაფრით, რაც გაქვს…

12 წელი ვიცეკვე ანსამბლ „მთიებში“. ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, რომ „სუხიშვილების“ ცეკვები მესწავლა. სამი წელი სარეგისტრაციო ფორმას ვავსებდი და არ ვაგზავნიდი, მეშინოდა, რომ არ მიმიღებდნენ და ეს კარი ჩემს ცხოვრებაში დაიხურებოდა. როცა გავბედე და მივედი, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება უფრო შეიცვალა. ბევრად თავდაჯერებული და ლაღი ადამიანი გავხდი. ყოველთვის ვიცი, რომ მაქვს უსაფრთხო ადგილი, სადაც შემიძლია მივიდე და არაფერი შემაწუხებს…“