"შეყვარებულს ერთი წუთით არ დაუტოვებია, მის ხელში დალია სული..." - რა იპოვეს 17 წლის ანის ნივთებში

მაყვლისთვალება თმახუჭუჭა ანი მუმლაძე მარადისობაში 17 წლის ასაკში, 2021 წლის აგვისტოში გადავიდა. ლაგოდეხელ გოგონას, თურქმა მედიკოსებმა, ხორხის სიმსივნე აღმოუჩინეს. როგორც მისი პედაგოგი, იზა შუბითიძე "პრაიმტაიმთან" კომენტარში ამბობს, ახლახან ანის ნივთებში, მისმა მეგობარმა, დედისადმი მიძღვნილი ლექსი იპოვა. ქალბატონი იზა ლექსს ანის ფონდის ფეისბუქგვერდზე აზიარებს.
იზა შუბითიძე: ყელი ეტკინა და ვიფიქრეთ, რომ გაცივდა. სამწუხაროდ, ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოჩნდა. თურქეთიდან ყოველდღე მწერდა, ბოლო ზარი როდის გვაქვსო, აინტერესებდა. მე მისი დამრიგებელი ვარ. უშენოდ არაფერი გვექნება, გელოდებით-მეთქი, ვპასუხობდი.
ნაწყვეტი ანი მუმლაძის პოსტიდან: მე საავადმყოფოში ერთადერთი ბავშვი ვიყავი, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა და მოხუც ხალხთან ერთად იჯდა და უცდიდა თავის რიგს, რომ იქ შესულიყო, რისიც ისე ეშინოდა, გული უსკდებოდა. მაგრამ ისე მყარად ვიდექი, ყველა ამბობდა, ერთადერთია, ვინც პანიკაში არ ვარდება და არაფრის ეშინიაო. ეს სტიმულს მაძლევდა, რომ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი...
იზა შუბითიძე: ჩამოვიდა, თითქოს ავადმყოფობა დაამარცხა. ბოლო ზარიც გვქონდა, ბანკეტიც, მერე დამძიმდა. შეყვარებულს ერთი წუთით არ დაუტოვებია და აგვისტოში მის ხელში დალია სული...
მე და ანის დედამ დავაარსეთ "ანის ფონდი" და ვცდილობთ, სხვისი შვილების სიცოცხლე მაინც ვიხსნათ.
ახლახან მისმა მეგობარმა ანის ნივთებში იპოვა ლექსი, რომელიც გოგონას დედისთვის მიუძღვნია.