„კიდევ მრავალი ტრიუმფალური გამარჯვება მსოფლიო სცენებზე…“ – პაატა ბურჭულაძე იუბილარია, მსოფლიო ბანს ცნობილი სახეები დაბადების დღეს ვიდეომიმართვით ულოცავენ

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე იუბილარია – ოპერის მომღერალი დღეს 71 წლის გახდა.

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა, რომელიც ამ დროისთვის 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება, უამრავი მილოცვა მიიღო.

მათ შორის არის მსოფლიოში აღიარებული მეცო სოპრანო, ნინო სურგულაძე, რომელიც ვიდეომიმართვით ულოცავს კოლეგას იუბილეს:

„დღეს ქართველი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის დაბადების დღეა. მინდა მივულოცო და ვუსურვო მას ჯანმრთელობა, სიხარული სიყვარული, ბედნიერება და კიდევ მრავალი ტრიუმფალური გამარჯვება მსოფლიო სცენებზე და მხურვალე აპლოდისმენტები. უფლის ნებით მჯერა, რომ ის დაუბრუნდება თავის საყვარელ საქმიანობას და თავის ოჯახს…“ -ამბობს ვიდეომიმართვაში ნინო სურგულაძე.

პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღეს ნიუ-იორკიდან ულოცავს კიდევ ერთი კოლეგა, თამარ ივერი:

„ჯანმრთელობა მინდა გისურვო, მხნეობა, სულის სიმშვიდე, სიყვარული, სიკეთე და წარმატებები, რომ შენს საოპერო სფეროს კვლავ სჭირდები, შენი ადგილი დიდ სცენაზეა და ძალიან გულით მჯერა უკეთესი მომავლის “ – ამბობს ვიდეომიმართვაში თამარ ივერი.

ვიდეომიმართვას ავრცელებს და დაბადების დღეს ულოცავს პაატა ბურჭულაძეს მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძეც:

„ჩემო პაატა, ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შენთვის დაბადების დღის მოლოცვა ამ მდგომარეობაში მყოფისთვის მომიწევდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი გამოკეტვა პაატა ბურჭულაძის ხმას ვერ ჩაახშობს, ხმას, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო…“ – ამბობს მომღერალი ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვას ავრცელებს საოპერო მომღერალი, ნინო მაჩაიძეც:

„ბატონო პაატა, გილოცავთ დაბადების დღეს, მთელი გულით და სულით მინდა, რომ კარგად იყოთ და საუკეთესოს გისურვებთ“ – ამბობს ნინო მაჩაიძე.