„Beauty Lab“-ის დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი, რომელიც ქალთა აუდიტორიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში, უკვე სამი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კარიერა და საზოგადოებრივი აქტივობა თბილისში ჰქონდა განვითარებული, მან მაინც დატოვა დედაქალაქი და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ამჯერად, ბაღაშვილი რამდენიმე კვირით საქართველოში დაბრუნდა და სტუმრად იყო სალომე კასრაძის პოდკასტში, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის ნიუ-იორკის სასიყვარულო ურთიერთობებსა და ქალისა და კაცის „50/50“ ბალანსზე.
„ნიუ-იორკში პაემანი ძალიან რთულია, რადგან არავინ გულწრფელი არ არის. პარალელურ რეჟიმში უამრავი ურთიერთობა მიმდინარეობს, ყოველთვის ძალიან დიდი არჩევანია და არც შენ არავისზე დიდად გული არ გწყდება. თბილისში, მაგალითად, მომისმენია ხოლმე – „წლები დამდევდნენ, ყვავილებს მიგზავნიდნენ“. ნიუ-იორკში კი მასშტაბი იმდენად დიდია და კონკურენციაც მაღალია, რომ ვერავის ვერაფრით გააკვირვებ. უბრალოდ უნდა იპოვო ადამიანი, ვისთანაც პაზლის მსგავსად აეწყობი,“ – აღნიშნა ქეთა ბაღაშვილმა.
მისივე თქმით, პაემნის კულტურა ნიუ-იორკში სრულიად განსხვავებულია:
„ჩვენთან არის, რომ ბიჭი გამოგივლის, წაგიყვანს, მიგიყვანს. იქ სხვანაირადაა. გოგოებისთვის ყოველთვის განსჯის საგანია, გადაიხდის თუ არა მამაკაცი პირველ პაემანზე. საქართველოში მე არასდროს გამიგია, რომ ბიჭს არ გადაეხადა, ან არ გამოევლო. ლიფტის კარი სანამ არ დაიკეტებოდა, იქ მელოდებოდა ხოლმე. ნიუ-იორკში ეს თემა საერთოდ არ დგას – შეიძლება კაცმა არც გამოგიაროს. თუმცა, თუ ასე მოიქცევა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დამატებითი პლუსია. კიდევ არის მეორე საკითხი: იმდენი არაადეკვატური ადამიანი ცხოვრობს, რომ ქალებს ეშინიათ მისამართის მიცემის და ხშირად თავად არ უნდათ, რომ ვინმემ გამოუაროს.“
ბაღაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ქალებისა მაინც ელოდება, კაცი გადაიხდის პირველ პაემანზე, თანამედროვე რეალობა და სოციალური ქსელები ურთიერთობების ბუნებას ცვლის:
„სოციალურმა ქსელებმა დაამახინჯა ქალისა და კაცის როლი. ქალები, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ, ისე წარმოაჩინეს, თითქოს „გოლდიგერები“, მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებულები იყვნენ. კაცებიც ინაზებიან ამის გამო. მე ჩემს თავს ისედაც მოვუვლი, ვიყიდი ლამაზ წითელ ფეხსაცმელებს, გავუკეთებ ყველაფერს. მაგრამ თუ კაცს უნდა წარმატებულ, საინტერესო, მოვლილ ქალთან ერთად ყოფნა, რაღაც კონტრიბუცია უნდა შეიტანოს მის ცხოვრებაში. თუ ამის სურვილი არ გაქვს, მე არ მჭირდება, რომ კაცს აქეთ მოვუარო – საკუთარი თავი მყავს მოსასვლელი.“
ქეთა ბაღაშვილი ხაზს უსვამს, რომ ბუნებრივი მდგომარეობა მაინც ისეთია, სადაც კაცი პროვაიდერის როლშია, ქალი კი ზრუნვის ობიექტად რჩება:
„კაცი არის პროვაიდერი, ქალი არის ზრუნვის ობიექტი. თუ გინდა, ლამაზი და საყვარელი არსება იყოს შენს გვერდით, უნდა მოუარო. ჩემს პარტნიორს ყოველთვის ვტოვებ მის მასკულინურ ენერგიაში, ყოველთვის იქნება კაცი და ეს ენერგია მასთან იქნება. მე თუ ფემინურ ენერგიაში არ ვიმყოფები, მაშინ საერთოდ რისთვის მჭირდება კაცთან ურთიერთობა?“