სადაც მუსიკა ცოცხლობს, იქ სიყვარული გრძელდება – ვაჟა აზარაშვილის მელოდიად ქცეული სიმღერა

„კარგი მუსიკა ადვილად იწერება“ – ამბობდა „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი. ლეგენდარულმა მაესტრომ ქართულ მუსიკალურ ისტორიას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა, სიმფონიური, კამერული ნაწარმოებები, ოპერეტა, მუსიკა სპექტაკლებისთვის, სატელევიზიო ფილმებისთვის და სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა თაობის ყველა გამორჩეული მომღერლების რეპერტუარში გვხვდება.

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს დაიბადა. ვაჟას მამა, შალვა აზარაშვილი ახალციხიდან გახლდათ. თბილისში გადმოსვლის მერე, მან სწავლა კონსერვატორიაში გააგრძელა. იყო ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრი, რომელსაც სანდრო კავსაძე და ვალერი ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. დედა, ოლღა მიქანაძე მასწავლებელი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა ვაჟა აზარაშვილის ეზოში თურმე სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ცხოვრობდა. სწორედ მან შენიშნა მომავალი კომპოზიტორის ფენომენალური ნიჭი და მუსიკის სწავლა შესთავაზა: „მახსოვს მითხრა, ნიჭიერი ბიჭი ხარ, რადგან ფორტეპიანო არ გაქვს, ვიოლინოს მოგცემო. რა დროს მუსიკა და გართობაა, მამა ცოცხალია თუ მკვდარი, არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე. არ მომეშვა და მაიძულა, სწავლა დამეწყო. მეოთხე კლასში ჩვენ როგორც საგანი, ორკესტრი გვქონდა და იქ ვუკრავდით, ძალიან ვზარმაცობდი, მაგრამ ბოლოს ისე მომეწონა, ვთქვი, ამას თავს არ დავანებებ-მეთქი“ – იხსენებს ვაჟა აზარაშვილი.

ვაჟა აზარაშვილი წლები მეოთხე მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა, კონსერვატორიის პროფესორი იყო, მაგრამ როგორ თავად ამბობდა, გაუმართლებელი მიზეზების გამო, ის სამსახურიდან გამოუშვეს. საქმე ეხება ბორჯომის სახლის გარშემო ატეხილ აურზაურს, რომლის შესახებაც ვაჟას, როგორც კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს, საკუთარი მოსაზრება ჰქონდა.

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებაში უამრავი ჰიტია, მათ შორის სიმღერები საქართველოს დედაქალაქზე: „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, ასევე დაუვიწყარი ჰიტები – „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ და „დინამო, დინამო“. ვაჟა სიმღერებს წერდა „ორერასთვის”, „რეროსთვის”, ეთერ კაკულიასთვის, ნანი ბრეგვაძისთვის, თამარ გვერდწითელისთვის, ნუგზარ კვაშალისთვის. ნანი ბრეგვაძე კომპოზიტორის კურსელი იყო და სპეციალურად მისთვის არაერთი სიმღერა დაიწერა, ყველა მათგანი ჰიტია. ცალკე აღნიშვნის ღირსია მედეა ჯაფარიძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის ცეკვის კადრი დაუვიწყარი ფილმიდან „მზე შემოდგომისა”, სადაც წყვილი ვაჟა აზარაშვილის „სენტიმენტალურ ტანგოზე” ცეკვავს. ეს ეპიზოდი ქართული კინემატოგრაფის უკვდავი კადრია.

რაც შეეხება უკვდავ საფეხბურთო ჰიმნს, „დინამოს”, აი, რას იხსენებდა კომპოზიტორი: „ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში ექსპრომტად დაიწერა, მაგალითად, „დინამო“. „დინამო“ დამაწერინა ფეხბურთის დიდმა სიყვარულმა, რომელიც თბილისის „დინამოს” 1976 წლის 3 სექტემბრის ისტორიული გამარჯვებით იყო გამოწვეული. ამ დიდი ემოციის გამო დილის ხუთ საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე, ისე, რომ მეზობლები და ოჯახის წევრები არ შეწუხებულიყვნენ, ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე. მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც ასევე ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი. რამდენიმე დღეში, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით სიმღერა ჩაიწერა სტუდია „მელოდიაში” და ის პირველად შეასრულა ანსამბლმა „ივერიამ“, არანჟირება ეკუთვნოდა ალექსანდრე ბასილაიას” – იხსენებდა ვაჟა აზარაშვილი.

ახლა ცოტა რამ დიდი კომპოზიტორის პირად ცხოვრებაზე. მანანა დანგაძე ვაჟა აზარაშვილის მეუღლე და თან მუზა იყო – ქალი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო ლექსების წერა. მისი პოეტური ნიჭი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის ლექსებზე სიმღერებს წერდნენ ისეთი ლეგენდარული კომპოზიტორები, როგორებიც თავად ვაჟა აზარაშვილი და მისი თანამედროვეები იყვნენ. ლექსები სიყვარულზე, ტკივილზე, რწმენასა და ერთგულებაზე, მანანას პოეზია ღრმა ემოციებით გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ იქცა ის არა მხოლოდ შემოქმედად, არამედ შთაგონებად. 20 წლის იყო, როცა ვაჟა გაიცნო, თავად კომპოზიტორი უკვე 34-ის. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათი კავშირი საოცრად ძლიერი აღმოჩნდა. „სულიერად, გონებრივად, ჩვენ ერთმანეთს ბოლომდე ვგრძნობდით,“ – ამბობდა მანანა დანგაძე. მათი ურთიერთობა არ იყო მხოლოდ ოჯახური, ის იყო შემოქმედებითი თანაზიარობა. ვაჟა მის ლექსებზე მუსიკას წერდა და ასე იბადებოდა უკვდავი სიმღერები. წლების შემდეგ, ვაჟა აზარაშვილის მეუღლემ ბავარიაში გადაღებული ვიდეო ნახა, რომელშიც მისი ლექსი, „ჩემო ქართული მიწა“ ჟღერდა. ამ წამს თითქოს წარსული დაბრუნდა, ახალგაზრდობა, სიყვარული, მელოდიად ქცეული ემოციები: „მივხვდი, რომ ყველაფერი არ დამთავრებულა. სადაც სიმღერა ცოცხლობს, იქ სიყვარული გრძელდება“ – ამბობდა მანანა.

და ბოლოს, „თუ ხარ პროფესიონალი, მუზა უნდა მოიტანო ნებისმიერ დროს,“ – ამბობდა ჩვენი ისტორიის გმირი. ვაჟა აზარაშვილის მუზა ყოველთვის მის გვერდით იყო – სინათლის, სიჩუმის, მელოდიის და ლექსის სახით. ის არ ეძებდა შთაგონებას, ის ცხოვრობდა მასთან ერთად. ამ შთაგონებამ შექმნა სიმღერები, რომლებმაც თაობებს უკვდავი საგანძური დაუტოვა. „დინამო, დინამო!“ – გაისმოდა და კვლავაც გაისმის სტადიონიდან. „მზე ჩემი მეგობარია“ და „ისევ წვიმს“, ორი სიმღერა, რომელიც ერთმანეთში აბნევს ნათელსა და სევდას, იმ სიყვარულსა და მწუხარებას, რაც მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში. „სენტიმენტალური ტანგო“ კი წარსულს აყოლილი გულისფანცქალის მუსიკალური თარგმანია, სიყვარულის, მონატრების, სინანულისა და იმედის. ვაჟა აზარაშვილი სიმღერებს არ წერდა ჰაერზე. ის წერდა უსაყვარლესი მეუღლის ლექსებზე, წერდა ცხოვრებაზე, წერდა სიყვარულზე, წერდა თავად მათზე. მელოდია, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ორ გულს ეკუთვნოდა, დღეს ჩვენ ყველას მეხსიერებაში დარჩა. ეს ყველაფერი აღარ არის მხოლოდ მუსიკა, ეს არის მემკვიდრეობა, ეს არის ისტორია, ეს არის სიყვარული, რომელიც არასდროს მთავრდება.