სიცოცხლე ფერად კადრებში – სოფიკო ჭიაურელის ბრწყინვალე გზა ვერის უბნიდან – ლუვრამდე

თუმცა ეს ისტორია მუსიკალური არ არის, უკვე პირველი სიტყვებიდანვე გრძნობ, თითქოს მელოდია იწყება – თბილი, თბილისური, ოდნავ სევდიანი, მაგრამ სიხარულით სავსე. ეს არის სოფიკო ჭიაურელის ისტორია, ქალი, რომელიც თავად იქცა ხელოვნების მელოდიად. ვერის ძველი ქუჩების აივნებზე კი ისევ მღერის ვარდო – თავისი სუფთა გულით, იმედითა და სიყვარულით. ფილმი ვერის უბნის მელოდიები უკვე საკმარისია, რომ ეს ცხოვრების გზა მუსიკად იქცეს. და თუ ოდესმე დაგებადებათ კითხვა, როგორია სინათლით სავსე მსახიობის სიცოცხლე, პასუხი ამ მელოდიაშია…

სოფიკო ჭიაურელი – მსახიობი, რომლის სახელიც კინოსა და თეატრის ისტორიაში ლეგენდად იქცა, სცენასა და ეკრანზე მოღვაწეობამ კი მთელი ეპოქა შექმნა. მისი ცხოვრება მრავალფეროვანი, ღრმა და სამუდამოდ დასამახსოვრებელი იყო, როგორც იმ როლების პალიტრა, რომლებიც მაყურებელს აჩუქა.

სოფიკო 1937 წლის 21 მაისს დაიბადა თბილისში, ფიქრის გორაზე, ოჯახში, რომელიც თავად ხელოვნების განსახიერება იყო. დედა, ვერიკო ანჯაფარიძე, მეოცე საუკუნის უდიდესი მსახიობი და ინგლისის ხელოვნების აკადემიის მიერ ათ საუკეთესო მსახიობს შორის დასახელებული ქალბატონი გახლდათ. მამა კი – მიხეილ ჭიაურელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დიდი რეჟისორი და მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება. სოფიკოს ოჯახი სავსე იყო ხელოვანთა სტუმრობით, მათ შორის იყვნენ ემიგრირებული მსახიობები, რეჟისორები, პოეტები. იმ ატმოსფეროში ჩამოყალიბდა მისი სამყაროს აღქმა და სწორედ ფიქრის გორა იყო პირველწყარო, რაც შემოქმედებით გზაზე გაჰყვა.

სოფიკოს პროფესიული გზა კინოში 1956 წელს დაიწყო რეზო ჩხეიძის ფილმით „ჩვენი ეზო“, რომელშიც მის გვერდით იყო მომავალი მეუღლე, გიორგი შენგელაია. მოგვიანებით, მსახიობმა ასზე მეტ ფილმში შექმნა დაუვიწყარი სახეები. განსაკუთრებით გამორჩეულია მისი როლი ფილმში „წუთისოფელი“, რომელმაც სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველი პრემია მოუტანა. მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ საბჭოთა კავშირში სოფიკო ერთადერთი მსახიობი იყო, რომელიც შვიდჯერ დააჯილდოვეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე „ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის“. ხოლო იმ დროს, როცა დასავლური კინო ხელმიუწვდომელი იყო, სოფიკოს ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯულიეტა მაზინა ახსენებდა და მასთან შეხვედრას ითხოვდა.

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაში სოფიკო ჭიაურელი მუდმივი მუზა და შემოქმედებითი მეგზური იყო. თავად ფარაჯანოვი სოფიკოს „გენიალურ კინო-ბალერინას“ უწოდებდა. მისი სახე „ბროწეულის ფერში“ – კადრი, რომელიც მთელი მსოფლიო კინოს მემკვიდრეობაში შედის… სოფიკო სწორედ იმ დროს აღმოაჩინა და შეიყვარა კინემატოგრაფიული ელიტამ: ფედერიკო ფელინი, ჟან-ლუკ გოდარი, მიქელანჯელო ანტონიონი. ფილმების ჩამონათვალი, სადაც სოფიკომ დაუვიწყარი სახეები შექმნა, უზარმაზარია: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ხევსურული ბალადა“, „არ იდარდო“ და ბევრი სხვა. მის გვერდით მუდამ იყვნენ ეპოქის საუკეთესო რეჟისორები, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ლანა ღოღობერიძე, სერგო ფარაჯანოვი და სხვები.

ერთ-ერთი მისი დაუვიწყარი როლია ვარდო გიორგი შენგელაიას ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“ – თბილისური მელოდია, რომელიც უკვე ათწლეულებია ხალხის გულის ნაწილად იქცა. ფილმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ამბავი, ეს არის ძველი თბილისის ცხოვრების, ღირებულებების, სამეზობლოს, სიხარულისა და ტკივილის ზეიმი. ვარდოს სახე კი გახდა ამ მელოდიის სული, რომელიც სოფიკოს ოსტატობით გაცოცხლდა. ვერის უბანი, ისტორიულად ინტელიგენციის, ხელოვანების და შემოქმედი ადამიანების დასახლებაა. სწორედ აქ ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი. ამ უბნის ატმოსფერო და თბილისური სითბო ფილმშიც იგრძნობა. ფილმის მუსიკალური ნაწარმოების, „ვერის უბნის მელოდიების“ ავტორია გიორგი ცაბაძე, რომელიც ნამდვილი თბილისური სევდისა და სინაზის ჰანგებით ქმნის იმ განწყობას, რომელიც დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს.

სოფიკოს ცხოვრება მხოლოდ ეკრანს არ ეკუთვნოდა, იგი მსახიობობდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში, შექმნა მრავალი თეატრალური როლი. სწორედ მარჯანიშვილის სცენაზე სპექტაკლ „ურიელ აკოსტაში“ გაიცნო თავისი მეორე სიყვარული, მსახიობი და კომენტატორი კოტე მახარაძე. მათ შორის სიყვარული გრძნობითა და სიმბოლოებით იყო სავსე – ერთ-ერთ დაბადების დღეზე კოტემ ცოცხალი დათვის ბელი აჩუქა. საკუთარ სახლში დააარსეს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი, რომელსაც სოფიკო “გამქრალი ცივილიზაციის მსახიობთა თეატრს” უწოდებდა.

სოფიკო ჭიაურელმა უამრავი ქვეყანა მოიარა. მსახიობის ცხოვრება და შემოქმედება მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების სცენებზე იქცა კულტურულ დიალოგად.

2008 წელს, მძიმე ავადმყოფობისას, სოფიკო ჭიაურელი საფრანგეთში მკურნალობდა, პარიზში ის იმ სასტუმროში ჩერდებოდა. რომლის ფანჯრებიც ლუვრს გადაჰყურებდა, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ჩასვლისას, როდესაც მსახიობი ნომერში შევიდა, ფანჯრებზე ფარდები გადაწია, დაინახა საკუთარი უზარმაზარი პორტრეტი, რომელიც ლუვრის მუზეუმის მთელ კედელზე იყო გადაკიდებული. იქ ფარაჯანოვის ფილმების კვირეული მიმდინარეობდა და სოფიკო ჭიაურელის ეს კადრიც “ბროწეულის ფერიდან” იყო. მსახიობმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, როდესაც საკუთარი პორტრეტი დაინახა, გაიღიმა და ვაჟს იუმორით უთხრა, შენ არ მაფასებ, თორემ ნახე, აქ როგორ მხვდებიანო.

ცხოვრების ბოლო პერიოდში, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, სოფიკომ თქვა: „ეს ვარსკვლავი ვერიკოს ეკუთვნის“… ამ სიტყვებით ის კიდევ ერთხელ იქცა თავმდაბლობის, დიდებულებისა და სიყვარულის სიმბოლოდ.

სოფიკო ჭიაურელი, არა მხოლოდ ეპოქა, არამედ ეპოქების შემკვრელი ხიდია. მისი ხმის ტემბრი, თვალების თბილი ღიმილი დღემდე აგრძელებს საუბარს ჩვენთან… “ვერის უბნის მელოდიებში”, სცენის ფარდებს მიღმა და ჩვენს გულებში.

სოფიკო ჭიაურელი ცისარტყელასავით იყო, მრავალფერი, ფაქიზი და ნათელი. ის ცხოვრების სცენიდან არც ერთხელ არ გადასულა უხმაუროდ – მისი სახეები, სიტყვები, ღიმილი და ცრემლიც კი ქართულ კულტურაში სამუდამოდ დარჩა. ის მელოდიად იქცა, რომელიც ვერის ქუჩებიდან მთელ საქართველოს გასდევს და აგრძელებს ჟღერას – ეკრანზე, მეხსიერებაში, გულში… და როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ გახსნილ ვარსკვლავს ჩაუვლით, გაიხსენეთ სოფიკოს სიტყვები: „ეს ვარსკვლავი ვერიკოს ეკუთვნის“ – ასე ჩუმად, მადლიერებით და სიყვარულით აგრძელებს დედის სახელს ქალიშვილი, რომელიც თავადაც იქცა ხელოვნების საუნჯედ.