„შორს ხელები ჩემი ოჯახიდან, დღეს ბიჭები არიან სამიზნეები, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით“ – რა მიმართვას ავრცელებს ნატო გელაშვილი

მომღერალი და კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნატო გელაშვილი ეხმაურება ფაქტს, რომელიც 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში მიმდინარე კონცერტზე, სცენაზე მისი შვილების – ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისა და ასევე ზუკა ხუციშვილის გამოსვლის დროს მოხდა.

„მოგესალმებით სრულიად საქართველოს… არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახზე ბულინგის თემას… თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს. დღეს ბიჭები არიან სამიზნეები.. კიდევ ერთხელ განვმეორდები.

ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი „სირცხვილია“-ს, სულ ცოტა მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს… „რა არის სირცხვილი და რა არა“…

ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით.. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა.. არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც ქვეყნის… არც გაზის ყლაპის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის….ასე რომ… შორს ხელები ჩემი ოჯახიდან“, – წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, შემთხვევა 12 ივნისს, თსუ-ის მეორე კორპუსის ეზოში მიმდინარე კონცერტის დროს მოხდა.

ამავე დროს მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელიც მოქალაქეებმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად გამართეს. სცენაზე მყოფ მომღერლებს მოქალაქეებმა მიმართეს ფრაზებით:

„ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით“.