მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე თავის ცნობილ ოჯახზე ,,სარკესთან” საუბრობს:
– დიდ აკაკი ვასაძეს ვერ მოვესწარი. ფაქტობრივად აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმში გავიზარდე და, როგორც სახლს, ისე აღვიქვამდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ასე მხოლოდ ჩვენთან ხდებოდა და სხვები ჩვეულებრივ სახლებში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ფუნქციონირებს, რადგან რამდენიმე წელია სახლ-მუზეუმები გაუქმდა, მაინც გვაქვს სამუზეუმო სივრცე. ხშირად მოდიან უცხოელები, რადგან ტურისტულ რუკაზეა დატანილი და მათ ვმასპინძლობთ ხოლმე.
ბავშვობაში სულ ამ ფოტოებს ვუყურებდი, სადაც ბაბუა სხვადასხვა როლში იყო და ეს ძალიან მომწონდა. დიდხანს ვაკვირდებოდი, რადგან აკაკის ყველა როლი და მათი ამსახველი ფოტოები ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებული იყო. ხანდახან შიშითაც ვუყურებდი ამ სურათებს და ამ შიშს გრიმი იწვევდა.
მახსოვს, მარინას შვილი, ჩემი ბაბუა რომ გარდაიცვალა (აკაკი ვასაძე უმცროსი, რომელიც პირველი მეუღლისგან ჰყავდა) რამდენი ხალხი მოვიდა. მერე მარინა გარდაიცვალა და ეს ხალხმრავლობა დღემდე მახსოვს. 13 წლის ვიყავი, მარინა რომ გარდაიცვალა. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, მაგრამ სულ დავდიოდით მათთან. რომ შევდიოდით მის სახლში, ყოველთვის ფანჯარასთან იჯდა და იცქირებოდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა კარგი. მახსოვს მისი ძალიან ლამაზი თვალები, რომლებიც ანათებდა. ძალიან უხაროდა, როცა ჩემზე ამბობდნენ, რომ მას ვგავდი და მის გზას გავაგრძელებდი.
ბაიას და მეც ძალიან გვამსგავსებენ და ბევრ უცხო ადამიანს უკითხავს, დედა და შვილი ხომ არ ხართო. იმასაც მეუბნებიან, ბაიას ბაძავო, არადა არაფერს ვბაძავ. მსიამოვნებს, როცა მამსგავსებენ და, მგონი, ვახერხებ კიდეც, რომ მისგან განსხვავებულიც ვიყო. ბაია ჩემი ბაბუის ნახევარდაა.
– ბებიას ეძახით?
– ბაბოს ვეძახი ხუმრობით და თვითონაც მეხუმრება ხოლმე, ბაბო გენაცვალოსო, თორემ ისე ბაიას ვეძახი. კომიკურია, ბაია რომ ჩემი ბებიაა. პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” რომ ვმონაწილეობდი, ეგონათ, რომ მისი შვილი ვიყავი და ვმალავდით. რატომ უნდა დაგვემალა, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ჭორი გაავრცელეს.
ანკა ვასაძე: ,,ჭორი გავრცელდა, რომ ბაია დვალიშვილის შვილი ვარ და ვმალავთ”
დაწვრილებით