16 წლის ტიკტოკერი გოგონა, რომელმაც მილიონები დააგროვა ასაკისთვის შეუსაბამო კონტენტით - დედა ამბობს, რომ უბრალოდ შვილს ფულს უგროვებს სამომავლოდ

გამოცემა Bloomberg-მა 16 წლის ამერიკელ ტიკტოკერ გოგონაზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სოციალურ ქსელებში სექსუალური კონტენტის გამოქვეყნებით გახდა ცნობილი. გოგონას როზელი არიტოლა ჰქვია, თუმცა მას ამ სივრცეში ჯენი პოპაჩის სახელით იცნობენ. მისი ბლოგი 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა, თუმცა ის ვიდეოები, რომლებსაც აქვეყნებს, არასრულწლოვანებისთვის პროვოკაციულია. გამოცემის თანახმად, თავად გოგონა საკუთარ ვიდეოებს "შოკურ კონტენტს" უწოდებს. ვიდეოში ის ხან ტვერკს ცეკვავს, ბიკინით პოზირებს, მინი შორტებს ირგებს ველოსიპედზე და ორაზროვან მინიშნებებს აკეთებს.
ჯენი პოპაჩი უამრავ სარეკლამო შეთავაზებას იღებს და საკუთარ სოციალურ გვერდებს ამ მიზნით იყენებს, თუმცა, TikTok პლატფორმისთვის ძალიან პრობლემური ბლოგერია. პროვოკაციული ვიდეოებით მილიონობით ნახვას აგროვებს, თუმცა სოციალური ქსელის დადგენილ სტანდარტებს არღვევს და ამის გამო ხშირად მისდის საჩივარი. Tiktok-ის წესების მიხედვით, აკრძალულია სექსუალური კონტენტი, რომელშიც მონაწილეობენ 18 წლამდე პირები. იმის გამო, რომ მოზარდს ბევრი ადამიანი არეპორტებს, პერიოდულად მისი ანგარიში იბლოკება ხოლმე, ან კიდევ კონკრეტული ვიდეოების გამოქვეყნების უფლებას უზღუდავს ადმინისტრაცია. ბევრი მომხმარებელი მოზარდის დედას ადანაშაულებ და წერენ, რომ შვილს ექსპლუატაციისთვის და ფულის შოვნისთვის იყენებს.


თავად გოგონა აღნიშნავს, რომ "ჯენი პოპაჩი" ერთგვარი სასცენო იმიჯია და რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირი წესები აქვს. "ჯენი პოპაჩის სახელით სოციალურ ქსელში შეგიძლიათ მიპოვოთ, რეალურად კი როზელი ვარ. მეჩვენება, რომ ჯენი გაცილებით მარტივად ცხოვრობს", - ამბობს გოგონა და აღნიშნავს იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით მის თაობაში, ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს.


როზელი საკუთარ კონტენტს სექსუალურად არ თვლის და უსაფუძვლო ბრალდებად მიაჩნია. " მე ვარ ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც სოციალური ქსელებით ცხოვრობს. ძელზე არ ვცეკვავ, რატომ არ შეიძლება ვაკეთებდე იმას, რაც მოზარდობის ასაკში ნორმალურია, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცისთვის ეს გარყვნილ ფიქრებთან ასოცირდება?" - ამბობს როზელი.
სხვათა შორის, გოგონა სკოლიდანაც გარიცხეს, რადგან ერთ-ერთ ვიდეოში მასწავლებელს გარყვნილი უწოდა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია. გარდა ამისა, მოზარდი პერიოდულად მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს. მეტიც, როგორც გამოცემა იტყობინება, მოზარდმა მამაკაცებისგან შეთავაზებაც მიიღო, რომ დიდი თანხის სანაცვლოდ, მათთვის შიშველი ფოტოები გაეგზავნა. გოგონას დედაც ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მისი ქალიშვილი მსგავს ვიდეოებს იღებს და ავრცელებს და ყველანაირად მხარს უჭერს. მეტიც, გადაღებაში თავადვე ეხმარება ხოლმე.

გოგონამ პოპულარობა პირველად 2020 წელს მოიპოვა, როდესაც ის და დედამისი Hype House tiktok-ში შეიპარნენ, სადაც 11 პოპულარული ბლოგერი ცხოვრობდა. იქ რამდენიმე ვიდეო გადაიღეს და გამოაქვეყნეს. ვიდეოები მაშინვე გახდა პოპულარული, თუმცა ბლოგერებმა დედა-შვილი სახლში უნებართვოდ შეჭრასა და პირადი ნივთების ქურდობაშიც კი დაადანაშაულეს. სწორედ ამ სკანდალის შემდეგ გაეზარდა მოზარდს გამომწერთა რაოდენობა.
პერიოდულად, გოგონას ოჯახს ძალიან მძიმე ბრალდებას უყენებენ და ბავშვთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მოზარდს ფულის შოვნის მიზნით იყენებენ. თუმცა, ყველა არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნება დანაშაულია.


ტიკტოკერის დედა ამბობს, რომ ყველა ბლოგერს თავისი ნიშა აქვს. "ჩვენ შოკისმომგვრელ ვიდეოებს იმიტომ ვაქვეყნებთ, რომ მაყურებლის ყურადღება მივიპყროთ, ანუ ვაძლევთ აუდიტორიას თემას სასაუბროდ", - ამბობს ის და უარყოფს ბრალდებებს, ასევე ამბობს, რომ გოგონას მიერ გამომუშავებულ თანხას მის პირად ანგარიშზე აგროვებს, რომელთან წვდომაც მას სრულწლოვანების შემდეგ ექნება. გოგონას პირადი კაპიტალი უკვე აღემატება 600 მლნ დოლარს. შემოსავალი კი ძირითადად სარეკლამო კონტრაქტებს მოაქვს.ჯენის შემთხვევამ საზოგადოება სოციალური ქსელის პოლიტიკაზე დააფიქრა. მაგალითად, ინდიანას გენერალურმა პროკურორმა ამ პლატფორმას უჩივლა და TikTok "ცხვრის ტყავში გახვეული მგელი" უწოდა, რომელიც ბავშვებს საშიშ და არასასურველ კონტენს სთავაზობს.

TikTok 2016 წელს ამოქმედდა და მისმა მფლობელმა კომპანიამ ByteDance Ltd.-მა 300 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. TikTok განსაკუთრებით პოპულარული არასრულწლოვნებში გახდა.


Pew Research Center-ის გამოკითხვის თანახმად, 13-დან 17 წლამდე ამერიკელი მოზარდების დაახლოებით 70% იყენებს TikTok-ს და ყოველი მეექვსე ინტენსიურად ათავსებს ვიდეოებს. თუმცა, სექსუალური კონტენტის გავრცელებისგან არც ერთი სოციალური ქსელი არ არის დაცული. მას შემდეგ, რაც TikTok-ზე უამრავი საჩივარი შევიდა, მათ პოლიტიკა გაამკაცრეს და 16 წლამდე მოზარდები რეკომენდაციების ნაწილში "სექსუალურ კონტენტს" ვეღარ ნახავენ. თუმცა როზელი ნოემბერში უკვე 16 წლის გახდა და შეზღუდვა აღარ ემუქრება.