ნუცა თოფურია ახლახან ჩამოვიდა პარიზში პირველი მოგზაურობიდან და ისევ პარიზში მიემგზავრება. ამჯერად ერთ-ერთი კომპანიის ეგიდით და თან მიჰყავს დედა, რომელთან ერთად ვოიაჟზე ოცნებობდა… fortuna.ge- მოგზაურობასა და მოგზაურობას შორის დრო იხელთა და მომღერალს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
ნუცა, პირველი მოგზაურობა იყო პარიზში, თან, საოცნებო, ხომ?
კი, პირველი იყო. როცა ვიყავი გარდატეხის ასაკში, ვამბობდი, რომ პარიზი ყველასთვის რომ საოცნებო ქალაქი იყო, ჩემთვის დიდად არ იყო ასეთი. მერე, როცა სხვა ასაკი მოვიდა, გამოპრანჭვები რომ დავიწყე, ძალიან შემეცვალა პარიზის მიმართ დამოკიდებულება, ყოველთვის მინდოდა და to do list-ში მეწერა იქ მოგზაურობა.
თუმცა ახლახან მოახერხე იქ გამგზავრება…
პირველად სწორედ ახლა გავემგზავრე, ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეზე. სულ მივდივართ ხოლმე სადღაც, ამჯერად ავირჩიეთ პარიზი და ერთად დავგეგმეთ ჩვენი მოგზაურობა. ორ დღეში მირეკავს „ავერსი“ და მატყობინებს, ჩვენი ევროპული თავგადასავლის გმირი ამ თვეში შენ ხარ და პარიზში მიდიხარო. ძალიან ბევრი მიოცნებია პარიზზე, რომ ერთ თვეში ორჯერ მიწევს გამგზავრება-მეთქი, გავიფიქრე. ჩემთან ერთად კიდევ პროექტის გამარჯვებული 10 უცხო ადამიანი მოდის, უნდა გავუწიო მეგზურობა და გავაშუქო ჩვენი ვოიაჟი. ისინი უკვე გავიცანი და ძალიან საყვარელი ხალხია. პარიზი ისე საფუძვლიანად მოვიარე პირველ ჯერზე, ვფიქრობ, უკვე შემიძლია, კარგი გიდი ვიყო. ყველა დეტალი ვიცი ზედმიწევნით კარგად.
რამდენ ხანს დაყავი პარიზში და რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
ექვსი დღე ვიყავით, მაქსიმალურად დავტვირთეთ ეს მოგზაურობა. ვისაც კი როდისმე რამე გეგმა ჰქონია პარიზთან მიმართებით, ჩვენი იყო ყველაზე დატვირთული (იღიმის). ისეთ ორ ადამიანთან ერთად ვიყავი წასული, რომლებიც დროს არ კარგავდნენ არაფერში, ჭამაშიც კი. ვამბობდი ხოლმე, გოგოებო, შევჭამოთ ნორმალურად და ყველაფერს მოვასწრებთ-მეთქი, მაგრამ მპასუხობდნენ, არა, არ ვკარგავთ დროსო. ამ გეგმამ გაამართლა. ყველაფერი ვნახეთ, ვერსალშიც ჩავედით, ერთი დღე ამისთვის გამოვყავით. პარიზი ჩემთვის არის საოცარი აურა. ამ ქალაქში რომ ჩავედი, მივხვდი, რომ ბედნიერი ვარ. გაიხედავ, გამოიხედავ, ყველგან სილამაზეა, ყველა კომპლიმენტს გეუბნება… ეს აღსანიშნი ამბავია…
შენი ჩაცმულობაც ძალიან პარიზული იყო…
სხვათა შორის, ძალიან გამიკვირდა, რომ მოდის ქალაქში ჩემი ჩაცმულობა იქცევდა ყურადღებას. ლუქები მქონდა გაწერილი ყოველი დღისთვის, რომ იქ დრო არ დამეკარგა. დამემთხვა იდეალური ამინდები, რაც მოგზაურობისას ძალიან მნიშვნელოვანია. წვიმა და სიცივე რომ ყოფილიყო, შეიძლება, ასეთი აღფრთოვანებული არ ჩამოვსულიყავი. მეცვა ძალიან კომფორტულად, ჩემი ხასიათის შესაბამისად. ძალიან მოსწონდათ ჩემი ჩაცმის სტილი. იქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე არიან ფოტოგრაფები, რომლებიც საინტერესო სახეებს ეძებენ, მაჩერებდნენ, თუ შეიძლება, დავგეგმოთ ფოტოსესიაო. ყველა ძალიან ლამაზად დადის და გემოვნებიანად აცვია და აქეთ მომწონდა ყველა. აღმოჩნდა, რომ ორმხრივი იყო ეს სიმპათია, მეც სულ მინდოდა, რომ კომპლიმენტები მეთქვა. ყველაფერმა ერთად მოახდინა შთაბეჭდილება – წესრიგი, სისუფთავე, ყველაფერი რომ ათიანზე აქვთ აწყობილი და დიდ ყურადღებას აქცევენ ღირსშესანიშნაობებს. ეს ჩემთვის ძალიან შესამჩნევი და აღსანიშნი იყო. რაც ჩამოვედი, სულ ამაზე ვლაპარაკობ – ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, ვერსალი, ნოტრდამი, რომელიც ჯერ კიდევ რესტავრაციის ქვეშ არის, ვერსალზე გადარეული ვარ…
სულ ვამბობდი, რომსა და იტალიას რომელი ქვეყანა შემიცვლის, არ ვიცი-მეთქი, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ პარიზში პირველად წავედი და ყველას გაუკვირდა. ახლა იტალიის პირველობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა…
ახლა უკვე როგორც გამოცდილი ტურისტი, პარიზში ხვალ ისევ მიემგზავრები…
თან დედაჩემი მიმყავს, ეს კიდევ დიდი ბედნიერებაა. საზღვარგარეთ ერთად აქამდე ვერ ვგეგმავდით წასვლას. ძალიან მაგარ მოგზაურობას ველოდები, თვალი გვადევნეთ…
არის გამზადებული ლუქები?
რა თქმა უნდა, გამზადებულია. მეგონა, რომ წინა წასვლისას ამოვწურე, მაგრამ კიდევ მაქვს შემონახული ახალი მოგზაურობისთვის (იცინის). თუმცა ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემი მეგზურებისთვის გიდობის გაწევაა…